იურისტი | საგადასახადო სამართლისა და სასამართლო დავების მიმართულება

გვანცა ღვინაშვილი არის BLC-ის საგადასახადო და სასამართლო დავების მიმართულების იურისტი. ის იურიდიულ საქმიანობას 2017 წლიდან ეწევა, ხოლო BLC-ის გუნდს 2023 წელს შეუერთდა. მისი ძირითადი მიმართულებებია საგადასახადო და კორპორაციული სამართალი, ფინანსური ტრანზაქციები და კლიენტების ინტერესების წარმოდგენა სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში კორპორაციულ, საგადასახადო და ადმინისტრაციულ დავებზე.

გვანცა კლიენტებს კონსულტაციას უწევს რთულ საგადასახადო და კორპორაციულ საკითხებზე, მათ შორის, კომერციული გარიგებების საგადასახადო შედეგებზე, არამატერიალურ აქტივებზე, საერთაშორისო დაბეგვრასა და სტრუქტურირებაზე. იგი ასევე ეხმარება კლიენტებს სახელშეკრულებო სამართლის საკითხებში და უზრუნველყოფს სამართლებრივ მხარდაჭერას საგადასახადო და ადმინისტრაციულ ორგანოებთან არსებულ დავებში.

BLC-ის გუნდთან შემოერთებამდე გვანცამ მრავალმხრივი გამოცდილება შეიძინა საქართველოს შემოსავლების სამსახურში. იგი მუშაობდა საგადასახადო მიმართულების იურისტად იურიდიულ დეპარტამენტში, მოგვიანებით კი საგადასახადო მიმართულების სპეციალისტად ამავე სამსახურის დავების დეპარტამენტში. ამ პოზიციებზე მუშაობისას მან ღრმად შეისწავლა დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხები, საგადასახადო ადმინისტრირების პროცესები, დავების გადაწყვეტის პროცედურები და ქართული საგადასახადო ორგანოების მიდგომები. ბოლო წლებში იგი საგადასახადო ორგანოს ინტერესებს წარმოადგენდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

გამოცდილება
  • კლიენტის ინტერესების წარმოდგენლობა სასამართლოში 80 მილიონამდე ლარის ღირებულების მსხვილ საგადასახადო დავაში;
  • კლიენტის წარმომადგენლობა ენერგეტიკის სექტორში სატრანსფერო ფასწარმოქმნისა (Transfer Pricing) და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებულ საგადასახადო დავაში;
  • კლიენტის ინტერესების დაცვა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში 20 მილიონამდე ლარის ღირებულების საგადასახადო დავაზე, რომელიც ეხებოდა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში (თიზ) მოქმედი საწარმოების დაბეგვრას;
  • კლიენტის კონსულტირება და წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საქართველოს სასამართლოებში ვირტუალური აქტივების ტრანზაქციების დაბეგვრის საკითხებზე;
  • IT სექტორში მოქმედი კლიენტების კონსულტირება მიმდინარე ტრანზაქციებზე, მათ შორის, მოსალოდნელი საგადასახადო და რეგულატორული რისკების შეფასება; ასევე, მხარდაჭერა IT ბიზნესისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებისა და სხვა სპეციალური სტატუსების მოპოვების პროცესში;
  • კლიენტების კონსულტირება FARA-ს და მსგავსი კანონმდებლობის ფარგლებში განხორციელებულ ტრანზაქციებზე, მათ შორის, გრანტებთან დაკავშირებული რეგულატორული საკითხების სამართლებრივი შეფასება;
  • იურიდიული დასკვნებისა და ანალიზის მომზადება არამატერიალურ აქტივებთან, საერთაშორისო დაბეგვრასა და ტრანსსასაზღვრო საგადასახადო საკითხებზე, მათ შორის, რთული კომერციული სტრუქტურების მიმართ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკაზე;
  • კორპორაციული და სახელშეკრულებო სამართლის საკითხებზე კონსულტაციის გაწევა, მათ შორის, კომერციული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სამართლებრივი და საგადასახადო რისკების შეფასება და ანალიზი;
  • კლიენტების მხარდაჭერა საგადასახადო ორგანოებთან კომუნიკაციაში, მათ შორის, საგადასახადო შემოწმების აქტებსა და ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით სამართლებრივი პოზიციების, პასუხებისა და არგუმენტების მომზადება;
  • კლიენტების კონსულტირება სხვადასხვა სახელშეკრულებო ურთიერთობებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებების გათვალისწინებით, მათ შორის, შეთანხმებით გათვალისწინებული ტრანზაქციების საგადასახადო რეჟიმების შეფასება და შესაბამისი შედეგების ანალიზი;
  • კლიენტების კონსულტირება ფინანსური ტრანზაქციების დაბეგვრაზე, ასევე იმ საგადასახადო შედეგებზე, რომლებიც თან სდევს წილების/აქციებისა და უძრავი ქონების შეძენა-გასხვისებას.
განათლება და კვალიფიკაცია
  • მაგისტრის ხარისხი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2017–2019;
  • ბაკალავრის ხარისხი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2013–2017;
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
ენები
ქართული, ინგლისური