იურისტი | კორპორაციული & ფინანსური მიმართულება

ქეთი რუხაძე არის იურიდიული ფირმა „ბიელსის“ იურისტი, რომლის საქმიანობის ძირითადი სფეროა კორპორაციული, კომერციული და ფინანსური რეგულირების საკითხები. მას მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს საბანკო და ფინტექ სექტორში, მათ შორის, საგადახდო და ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე კაპიტალის ბაზრების მიმართულებით. იგი გუნდს 2020 წელს შემოუერთდა და იურიდიულ მხარდაჭერას უწევს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კლიენტებს ტრანზაქციების სტრუქტურირების, მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კორპორაციული მართვის საკითხებში.

ქეთის პროფესიული პრაქტიკა მოიცავს M&A ტრანზაქციებს, კორპორაციულ რესტრუქტურიზაციას, პარტნიორთა შორის ურთიერთობებს, რეგულატორულ შეფასებებს, ინტელექტუალური საკუთრების საკითხებსა და კომერციული ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკებების წარმოებას. ქეთი ასევე უწევს კონსულტაციას კლიენტებს მიმდინარე საკანონმდებლო და მარეგულირებელ ცვლილებებზე, აგრეთვე საერთაშორისო კერძო სამართლის საკითხებზე, რაც მოიცავს უცხოური სამართლით რეგულირებული ინსტრუმენტების კანონიერებისა და აღსრულებადობის შეფასებას.

ამასთანავე, ქეთი საარბიტრაჟო საზოგადოების აქტიური წევრია. მას აქვს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) მიერ ადმინისტრირებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან დავაზე მდივნად მუშაობის გამოცდილება; ამასთანავე, იგი რეგულარულად მონაწილეობს არბიტრის სტატუსით ვილემ ვისის სახელობის იმიტირებულ პროცესში საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში (Willem C. Vis Moot).

წარმომადგენლობითი გამოცდილება
  • კონსულტაცია გაუწია საქართველოში მოქმედ ბანკებს, ფინტექ კომპანიებს, საგადახდო მომსახურებისა და ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებს, ასევე საფინანსო სექტორის სხვა მონაწილეებს რეგულატორულ, კორპორაციულ და მართვის საკითხებზე.
  • ჩაატარა არაერთი სამართლებრივი ანალიზი, უზრუნველყო ტრანზაქციების მხარდაჭერა და განახორციელა კორპორაციული ცვლილებები M&A, საინვესტიციო, კორპორაციული რესტრუქტურიზაციისა და ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით.
  • იმუშავა დაფინანსების საკითხებზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მონაწილეობით.
  • იმუშავა საფინანსო ინსტიტუტების კაპიტალის ბაზრების ტრანზაქციებზე, მათ შორის, სხვადასხვა სახის კაპიტალის ინსტრუმენტების გამოშვებაზე.
  • აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო საარბიტრაჟო დავაში, რომელიც ეხებოდა ღრმაწყლოვანი პორტის ინფრასტრუქტურულ პროექტს.
განათლება და პროფესიული საქმიანობა
  • მაგისტრი (LL.M.) საერთაშორისო დავების გადაწყვეტის მიმართულებით, Queen Mary University of London.
  • სამართლის ბაკალავრი (LL.B.), თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი.
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
  • საქართველოს არბიტრთა ასოციაცია, არბიტრთა საკვალიფიკაციო კურსის I მოდული.
  • ჰარვარდის სამართლის სკოლისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სასერტიფიკატო პროგრამა საავტორო სამართალში (CopyrightX).
ენები
ქართული, ინგლისური